„21  თებერვალს, მე მივიტან კალანდიას გამამართლებელი განაჩენის პროექტს… ის გახდება პროკურორი“  – ბრალდებულის ადვოკატი

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს, მიხეილ კალანდია უნდა გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მან უნდა გააგრძელოს განათლების მიღება იურიდიულ ფაკულტეტზე და თავის დროზე, გახდება ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი, რომელიც არასდროს არ შეასრულებს არც ერთი ხელისუფლების დაკვეთას“ – ეს განცხადება დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ადვოკატი მკვლელობის გამოძიების  გართულებაში პროკურატურას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათ გამო, მოკლულის მამას  ამდენი კითხვა გაუჩინეს და  არასწორ გზაზე დააყენეს.  ადვოკატმა იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რაც გამოძიების პროცესში გამოიკვეთა.    

„საკმაოდ რთულ კომპონენტებთან გვაქვს საქმე. ამ საქმის ასეთ გართულებას, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში ვადანაშაულებ, პირველ რიგში ხელისუფლებს. საქმე რომ ყოფილიყო გამოძიებული კომპეტენტური პირების მიერ, ყველა კითხვაზე გაეცემოდა პასუხი და დაინტერესებულ პირებს და მით უფრო ზაზა სარალიძეს არ ექნებოდა ამდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა გამოძიებამ მისცა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, არაკომპეტენტური აღმოჩნდა გამომძიებელი. ფოტომასალაზე ბევრი დეტალი აღმოჩნდა 2 წლის შემდეგ, რომელიც ახლა შევისწავლეთ. შემთხვევის ადგილზე სასკოლო ნივთები აღმოვაჩინე ისეთი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ამ საქმესთან და გამოძიებას არ შეუსწავლია. ფარდულის აზომვაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მის კედლებზე არსებული სისხლის შხეფები ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს.  ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, დღესაც კი შესაძლებელია არსებულ კითხვაზე პასუხების გაცემა“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან საქმეში პოლიტიკოსების აქტიურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობდნენ.

„საქართველო შორსაა ისეთი ქვეყნისგან, როდესაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად პოლიტიკით იყვნენ დაინტერესებული და არა გაუბედურებული ადამიანების ბედზე ცდილობდნენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. საუბედუროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მოაქციეს საზოგადოება საინფორმაციო შიმშილში. პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის მაჩვენებელია, როდესაც საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არასწორ ინფორმაციაზე მიწოდებულ დაძახებას“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისი თქმით, მიხეილ კალანდია, 21 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება. ის გააგრძელებს სწავლას იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც წარმატებული სტუდენტია და აუცილებლად გახდება მაღალი დონის პროკურორი.     

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ, დასკვნითი სიტყვა სწორედ 21 თებერვალს უნდა წარადგინოს.  

მედიაცენტრიმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება.

მსგავსი თემები