თბილისის 9 აპრილის ბაღმა გორის ქალთა გუნდის კონცერტს უმასპინძლა

თბილისის მერიის პროექტის – “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში დღეს, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა.​ ხვალ საღამოს კი კულტურულ ღონისძიებას ვაკის პარკი უმასპინძლებს, სადაც „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი გაიმართება.

პროექტის ფარგლებში გუშინ, მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ბიჭუნათა კაპელას და დედაქალაქის მერიის N1 ხელოვნების სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

​მისი შეფასებით, „თბილისის ცის ქვეშ” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელს პირველად დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.  

ახალი პლატფორმა დედაქალაქში კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვას გულისხმობს. ღონისძიებებში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

9 აპრილის ბაღში გამართულ კონცერტს, დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო და უქმე დღეებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე ისაუბრა.
​მისი თქმით, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სკვერებში, ბაღებში გაიმართება ღონისძიებები.
24 ივნისს, 09:00 საათზე კი თბილისში დაგეგმილია გარბენი. მონაწილეობის მსურველები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან. სპორტული აქტივობის შემდეგ კი ვერის პარკის ღია კინოთეატრში გადაინაცვლებენ.




მსგავსი თემები