“არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს” – არჩილ თალაკვაძე

“არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

მისი თქმით, უგულავას სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც.

„ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ დღეს და აკეთებდნენ წინასწარ ნეგატიურ მოლოდინებზე განცხადებებს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიაროთ ის წუხილები, რაც გამოთქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ისინი საუბრობდნენ მხოლოდ კონტექსტზე. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული განხილვები მიმდინარეობს და არჩევნები მოდის, ეს არ იყო პოზიტიური, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები