გარდაბანში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები