ფოთის ყოფილი მერი და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

  •  

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ირაკლი კაკულიას 50 000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩიაკი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები