საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 870-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა

  •  
  •  
  •  
  •  


სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, მთლიანობაში, სხვადასხვა სახის 24 დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები.
 
„2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო  სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე  სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნეს-ოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები“ – აცხადებენ უწყებაში. 
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება. „აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც  დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ – აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
 
შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს,  რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.
 
 

მსგავსი თემები