“რუსეთის დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩავა“ – გრიგორი კარასინი

მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  სხდომაზე რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი აკეთებს, თუმცა, აკონკრეტებს, რომ დელეგაციის შემადგენლობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ყოფნას არ გამორიცხავს  რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და ამბობს, რომ დელეგაციის ჩასვლა-არჩასვლა, პროვოკატორებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ, იმ ქვეყანაში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს. მანამ, სანამ საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები მუდამ იქნება.  ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რაც შეეხება კარასინის პოზიციას, ის ამბობს, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.

ქართული მხარის განცხადებით, ამ ეტაპზე, მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვინ ჩამოვა, გადაწყვეტილი არ არის.

„საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდებისა და სტატუსის შესაბამისად. ვართ კონსულტაციების რეჟიმში, რუსეთის მხრიდან დელეგაციაში ვინ იქნება, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს აპროტესტებს და აცხადებენ, რომ მათ ისევე დახვდებიან, როგორც სერგეი გავრილოვს.    

მსგავსი თემები