“ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ” – დავით მათიკაშვილი

“იმას თუ როგორ მოიქცა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე “ნაციონალური მოძრაობა”, შეაფასებს ქართული საზოგადოება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი და ეროსაბჭოს რეზოლუციის ჩავარდნაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

მისი შეფასებით, რეზოლუცია ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ პარტიას.

„არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას. ამიტომ, გამოვთქვამ იმედს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილავს აღნიშნულ საკითხს და საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ რომ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. დღეს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე უნდა მიეღოთ დოკუმენტი, რომელშიც  საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები იქნებოდა ასახული. ევროპარლამენტარები, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით,  დოკუმენტის ჩასწორებას ითხოვდნენ, სადაც გიგი უგლავას საქმე, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები მოხვდებოდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები არ დაეთანხმნენ. კონსესუსის არარსებობის გამო, რეზოლუცია ჩავარდა.

მსგავსი თემები