„დოკუმენტის ჩავარდნა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ, ქვეყანას“ –  მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ჩავარდნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციას არ უნდა ახარებდეს, რადგან ეს აზიანებს არა მმართველ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას.

“თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრობა” ცდილობდა, ევროპის „სახალხო პარტიის“ მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ, კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, “ნაციონალურ მოძრაობამ”, რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, დოკუმენტი  თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ჩააგდო”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე და დასძენს, რომ რეზოლუციის ჩავარდნა ქვეყანას ვერაფერს დააკლებს.

„ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” დააზიანონ. ამით არც “ქართული ოცნება” ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან”,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ რომ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. დღეს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე უნდა მიეღოთ დოკუმენტი, რომელშიც  საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები იქნებოდა ასახული. ევროპარლამენტარები დოკუმენტის ჩასწორებას ითხოვდნენ სადაც გიგი უგლავას საქმე, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები მოხვდებოდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები არ დაეთანხმნენ.

მსგავსი თემები