“იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტი პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების ადგილი არ არის“ – სტრასბურგში რეზოლუცია ჩააგდეს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. მისი თქმით, შიდაპოლიტიკური დებატების ადგილი არ არის ევროპარლამენტი.

„ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ გზებს. დღეს ვერ დავინახე სურვილი, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. სანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას… იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის  – ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ.

მისი განმარტებით, ცვლილებების ჩამონათვალში არის ბევრი განმეორება და ძალზე ბევრი შიდა პოლიტიკური განცხადებები რაც მისი თქმით, პარლამენტებს შორის გაკეთებულ განცხადებებს არ ეკუთვნის.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ რომ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. დღეს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე უნდა მიეღოთ დოკუმენტი, რომელშიც  საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები იქნებოდა ასახული. ევროპარლამენტარები დოკუმენტის ჩასწორებას ითხოვდნენ, სადაც გიგი უგლავას საქმე, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები მოხვდებოდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები არ დაეთანხმნენ.

მსგავსი თემები