კვლევის შედეგად, თაფლის 9 ნიმუში დაბინძურებული აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ნიმუშების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი). რეგიონების მიხედვით დარღვევები ასე გადანაწილდა:

აჭარა – 3 დარღვევა, სამეგრელო – 2 დარღვევა, თბილისი – 1 დარღვევა, რაჭა – 1 დარღვევა, კახეთი – 1 დარღვევა.

ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების დადგენაა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს.

გასულ წლებთან შედარებით 2019 წელს დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეფუტკრე ფერმერებთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგია – პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ტრენინგი, მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ  თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და, ზოგადად, აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი.

მსგავსი თემები