“2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა” – შსს-ს სტატისტიკა

“2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა გაიზარდა და 2019 წელს გამოძიება 6000 ფაქტზე დაიწყო, მაშინ როდესაც 2018 წელს საქმე 5621 შემთხვევაზე აღიძრა. 

“2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34 პროცენტით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია.

შედეგად:

• შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ ოთხმა პროცენტმა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის ექვსპროცენტიანი მაჩვენებელი.

• 2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

• შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს – 14 ქალი, 2018 წელს – შვიდი ქალი, ხოლო 2019 წელს – ასევე შვიდი ქალი.

• გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა ორი პირი, ხოლო 2019 წელს – ცხრა პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები