ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებისგან გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების ინფორმაციით, შეიქმნება ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
“დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება – შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან,”- განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. „ჩვენ შევთავაზეთ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით გვაქვს დადებით გამოხმაურება. იმედი გვაქვს, რომ მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა და გაეცნობა საქმის როგორც შინაარსს, ისე პროცედურულ მხარეს და დადგინდება სიმართლე, რაც ყველამ ისედაც ვიცით – ეს არის 48 მილიონის გაფლანგვის საქმე. ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან რომ 48 მილიონი გაიფლანგა და იმაშიც ბუნებრივია, დაგვეთანხმებიან, რომ ეს არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.