შარტავას ქუჩაზე 150 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგო და მცენარეებით ცოცხალი ღობე მოეწყო  

თბილისის საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შეემატა. შარტავას ქუჩის N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგო. 1000-მდე ძირი მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე.
​განახლდა სკვერის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო-გასართობი მოედანი.  მოეწყო ფიტნეს ზონა და სასეირნო ბილიკები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გამგეობაში განუცხადეს, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

სკვერში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და მოსახლეობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში ჩართულობისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მიზანია, საბურთალოს რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ გამგეობის ინიციატივით, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, საბურთალოზე უკვე მესამე ეზო გამწვანდა და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებით გალამაზდა. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს გამგეობის მიერ, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი უკვე განახლდა, მოეწყო ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, განახლდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.



მსგავსი თემები