“უგულავა კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა გადაწყვეტილება დადგებოდა” – გია ვოლსკი

“გიგი უგულავა თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა და გადაწყვეტილება დადგებოდა, ჩემი ეჭვია, რომ მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გიგი უგულავამ ბიუჯეტს გაცილებით მეტი ზარალი მიაყენა და პირადი მოქმედებებითა და დატაცების მთელი სისტემა შექმნა.

“ამ თემაზე კომპრომისი ვერ იქნებოდა, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და არ შეჩერებულა. გიგი უგულავამ და ოპონენტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თემა დამთავრებული არ არის, გასაჩივრებული იყო უზენაესს სასამართლოში და იცოდნენ ის მძიმე მაგალითებიც, რაც საქართველოსა და მსოფლიოში მოხდა ასეთი დანაშაულებისას. კონკრეტული ქალაქის მერები და საკრებულოს წარმომადგენლები დაკავებული არიან 200-500 ათასი ლარის გაფლანგვის გამო და პროკურატურა კომპრომისს არ დაუშვებდა იმის გამო, რომ აქ პოლიტიკური თემაც არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები