“ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი” – დავით ბაქრაძე

“მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. 

„სრულიად ნათელი იყო თავიდანვე, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტიკური სამიზნე. ფორმამ, როგორ და რა საბაბითაც მოხდა გუშინ მისი დაპატიმრება, ვფიქრობთ, ოდნავ მაინც ობიექტურ ადამიანს არ უნდა დაუტოვოს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. გიგი უგულავას პატიმრობის უკან მკაფიოდ ჩანს ბიძინა ივანიშვილის ინტერესი.

ამიტომ, უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე აღიარებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. აუცილებლად მინდა, მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, ნებისმიერ არჩევნებში – რიგგარეშესა თუ დაგეგმილში, მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები