თბილისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან 

თბილისში, ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, “ლისი ვანდერლენდში” დღეს, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი – TBILISI OPEN AIR 2018, გაიხსნება და 25 ივნისამდე გასტანს. ფესტივალს მუნიციპალური ტრანსპორტით თბილისის მერია მოემსახურება და ღონისძიებაზე დასწრების მსურველების გადაადგილებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით,„ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს”  თბილისის მერიაში განუცხადეს, TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის 5000-მდე ტურისტი. ფესტივალის გამო ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

მათივე ინფორმაციით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი – TBILISI OPEN AIR, თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა და წლიდან წლამდე ვითარდება. ის უფრო და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

ესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წლეულს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება: Tom Odell, Rosin Murphy, SEVDALIZA, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE),  კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თბილისის მერია, მეგობარი კომპანია – TBC ბანკი,

ხოლო სპონსორები: „აისი”, Check in Georgia, მასტერქარდი, LTFR, სტარტაპმარკეტი, ლიკანი.

მსგავსი თემები