ქვეყანაში დღეს არ არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა – ზვიად ძიძიგური სინოდის გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ქვეყანაში დღეს არ არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკის მოხმარების გამო ციხეში არავის სვამენ.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებას, მას აქვს თავისი ავტონომია მიიღოს გადაწყვეტილებები. არ მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენ გვქონდა, როდესაც იყო აქტიური ნადირობა ნარკომანებზე და ციხეები სავსე იყო პატიმრებით ნარკოტიკის მოხმარების გამო. ამის გამო დღეს ციხეში არავინ ზის. აქედან გამომდინარე, როდესაც დაინტერესებული ორგანიზაციები ტეხენ ხმაურს იმაზე, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და ის ლიბერალურით უნდა შევცვალოთ, ეს არ არის სწორი”, – აცხადებს ძიძიგური.

​დეპუტატის თქმით, თავად მას კონსერვატიული მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ.

“პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე, სანამ პარლამენტი ამ თემაზე ვერ შეჯერდება, არავითარი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაიდგმება. ბოლო ხანების სამთავრობო ცვლილებებმა პარლამენტი, სხვა მიმართულებით კონსულტაციების რეჟიმი გადაიყვანა. როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები,  ნარკოპოლიტიკასთან  დაკავშირებული კონსულტაციები გაგრძელდება”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

აღსანიშნავია, რომ სინოდის წევრებმა ქვეყანაში არსებული ნარკომანიისა და ნარკოტიკების პრობლემაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ნარკოვაჭრობის ლეგალიზებას ნიშნავს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა, რომ შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.

 

მსგავსი თემები