5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი და 18 პოლიტიკური პარტია – ხვალ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია (ვიდეო)

ხვალ, დილის 08:00 საათიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნება და მოსახლეობა საკუთარ არჩევანს გააკეთებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივით ტარდება.

დღეს, აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებზე აკრედიტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და არსებული მონაცემები შეაფასა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხვალ, დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 5573 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 1000-ზე მეტ უბანზე ვიდეოკამერა იქნება განთავსებული, საიდანაც ყველას შეეძლება არჩევნების მიმდინარეობას თვალი ადევნოს.

“აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მთლიანობაში რეგისტრირებულია 5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნების გასაშუქებლად ჩამოსულია 38 ქვეყნის დელეგაცია. არჩევნების პარალელურად ჩატარდება ეგზიტპოლი, რომელსაც 3 ორგანიზაცია ჩაატარებს. საარჩევნო უბნები გაიხსნება 08:00 საათზე. სულ არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, 8 თვის განმავლობაში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზახირ პანახოვმა პრესკონფერენციაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰქონდათ და აღნიშნა, რომ პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდა.

მთლიანობაში, მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 5573 საარჩევნო უბანი იმუშავებს. აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება, ქვეყანა პროპორციული სისტემიდან მაჟორიტარულზე 2002 წელს გადავიდა. მანამდე კი 100 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩეოდა, 25 კი პროპორციული სისტემით.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები