“არჩევნებზე არ დავდივარ, ჩემი მეუღლე აკეთებს რაც საჭიროა” – წინასაარჩევნო განწყობა ბაქოდან (ვიდეო)

აზერბაიჯანის პარლამენტში მოსახვედრად 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის, მოსახლეობა კი, ვინც აზერბაიჯანის პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს, საკმაოდ ინერტულია. 

მთავარ საარჩევნო პროცესებს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან “მედიაცენტრი მთავარი” აშუქებს. საარჩევნოდ, მოსახლეობის განწყობის გასაგებად, ბაქოს ცენტრალურ პარკში გავედით და 30-მდე ადგილობრივი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა ნაწილმა გვითხრა, რომ არჩევნებზე არაფერი იცის, მეორე ნაწილმა გვითხრა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ და ამ თემაზე ვერც ისაუბრებენ. მესამე ნაწილმა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავლენ, რადგან ქვეყანაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს.

გამოკითხულები გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებდნენ და ფოტოს გადაღებასაც აპროტესტებდნენ.

„ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. მე პირადად, არჩევნებზე არ დავდივარ. არ ვთვლი, რომ ეს ეს აუცილებელია. ჩემი ქმარი მიდის და ის გააკეთებს რაც საჭიროა“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

„მოსახლეობა ვერაფერ შეცვლის. ჩვენ გვინდა კარგი და სტაბილური, მშვიდი ცხოვრება. ვფიქრობ, არსებული ხელისუფლება ამას თავს ართმევს”, – გვითხრა კიდევ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ამ წუთებში, სასტუმრო “ჰილტონში” ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესკონფერენციას მართავს, რომელსაც მსოფლიო მედია ესწრება.

9 თებერვალს აზერბაიჯანის მოსახლეობა „მილი მეჯლისის“ 125 წევრს აირჩევს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები