ხვალ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება – ქალაქი საარჩევნო პლაკატების გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, ბაქოში საარჩევნო ციებ-ცხელება არ იგრძნობა. ვერც საარჩევნო პლაკატებით აჭრელებულ ქუჩებს ნახავთ და ვერც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების ქაოტურად განთავსებულ, დაზიანებულ, შეღებილ, დამახინჯებულ სარეკლამო ბანერებს. ქალაქში წესრიგი აშკარად იგრძნობა.

საქართველოსგან განსხვავებით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებულია სპეციალური სტენდები, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს თუ პირებს შეუძლიათ, თავიანთი ბანერი მიაკრან. ეს ყველაფერი იმდენად ცივილურად ხდება, რომ არც არავინ შეეცდება კონკურენტის ბანერი ჩამოხიოს, ან სულაც, ზევიდან საკუთარი გადააკრას.   

9 თებერვალს აზერბაიჯანის მოსახლეობა „მილი მეჯლისის“ 125 წევრს აირჩევს. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების გამართვის იდეას, ის მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის. არჩევნების გასაშუქებლად ბაქოში „მედიაცენტრი მთავარიც“ იმყოფება.  

მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში გამოვკითხეთ, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გამარჯვებას ისევ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის  მხარდამჭერები და მასთან  დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.

რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლებიც „ნაციონალურ საბჭოში“ შედიან, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მათი განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული  და სამართლიანი არჩევნების ჩატარების არანაირი წინაპირობა არსებობს.

ერთი უცნაურობა, რაც ქალაქში დავაფიქსირეთ სწორედ ის სტენდია, რაც მთავარ ფოტოდ გვაქვს მოცემული. საღამოს გადაღებულ ფოტოებში, პარკში განთავსებულ სტენდზე საარჩევნო სუბიექტებია გამოსახული, დილით, იმავე ადგილას კი ეს, ცარიელი სტენდი დაგვხვდა.

არჩევნების მიმდინარეობის პროცესს “მედიაცენტრი მთავარი” აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან შემოგთავაზებთ. 

 „მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან.


მსგავსი თემები