“საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვის გაგზავნა ეუთო-ში შეცდომა იყო და სახალხო დამცველიც შეცდომაში შეიყვანეს.

„საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით. როდესაც კონსტიტუციის ცვლილება განხორციელდა, ჩვენი პარტია დარჩა მარტო კონსტიტუციის მიღების დროს და განახორციელა ცვლილება, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ის რაზეც საუბრობს ოპოზიცია, ე.წ. გერმანულ მოდელთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს არის „ავღანური მოდელი“. საქართველო 70,80,90-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები