„ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ძალიან მძიმედ დაიტუქსა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ მოტყუების გზით წასვლას აპირებდნენ.

„ვნახეთ, რომ გაიშალნენ სატელევიზიო ეთერებში და დაიწყეს სპეკულირება, თითქოს არსად წერია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რაც ბუნებრივია, არც ეწერება. ეუთო/ოდირმა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული – სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან“.

მისივე შეფასებით საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ ის ვერ გაარჩევს თემას და არც კონსტიტუციურობაზე საუბრობს და არც არაკონსტიტუციურობაზე.

„თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული.ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი თემები