„კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავალთ, მაგრამ, პირობას გაძლევთ, რომ 100/50-ზე შეიცვლება, ისევე როგორც ხელისუფლება, “ – გიგლა ბარამიძე

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის – “გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე შეიცვლება და შეთანხმებაც შედგება.

განცხადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარე ე.წ. მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.    

„ხელისუფლების დღევანდელი შემოთავაზება 100 პროპორციული მანდატი და 50 მაჟორიტარული, მეტნაკლებად უკეთესია და დღეს არსებულ სისტემას სჯობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წინადადება მისაღებია. ქართული საზოგადოების შეკვეთა იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ეს არ არის აკვიატება, ეს ნიშნავს იმას, რომ  ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ არსებული სისტემა შეიცვლოს“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის მაქსიმუმი და როგორ გეგმავთ ამ შედეგის მიღწევას, გიგლა ბარამიძემ უპასუხა, რომ კონსტიტუციის ფაგრლებიდან არ გავლენ.

„ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ, რატომ მიგვიყვანა აქამდე რომ ქუჩაში გამოვედით. კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავალთ, იქნება პიკეტირებაც, აქციებიც, საუბრებიც, რომ შედეგამდე მივიდეთ.  ჩვენ მათ წინაშე დავამტკიცებთ, რომ 100/50 არ არის მისაღები და უნდა წამოვიდნენ იმ წინადადებებზე, რომელსაც ვთავაზობთ.  ამ ეტაპისთვის ხელისუფლების შემოთავაზებას არც განვიხილავთ, შემდგომ რა იქნება, ამას ვნახავთ. გაძლევთ პირობას, 100/50 შეიცვლება ისევე როგორც ხელისუფლება“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები