“რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს, ალბათ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით” – თეა წულუკიანი

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მახსოვს, საქართველო იდგამდა ფეხს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს, ალბათ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქართველოსა და აშშ-ის დიდი მეგობრობა გრძელდება და ამას „დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს“.

„წარმოუდგენელია, რომ ორი ან თუნდაც ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. ამისთვის, უნდა ჩავხედოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების ისტორიას, ბოლო, თუნდაც რვა წლის განმავლობაში იმ მაღალ დონეს, საუკეთესოს სტრატეგიული ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენ და მათ მთავრობას გვაქვს – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების სფეროში, თუ სხვა საერთაშორისო წმინდა დიპლომატიურ სფეროში,” – განაცხადა წულიკიანმა.

“ის სპეკულაციები, რასაც აჟღერებს ოპოზიცია, რომ მგელი, მგელი მოდის, არავითარი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომლის გარეშეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რამხელა იყო ამერიკელი ხალხის ხელშეწყობა, თუნდაც იმისთვის, რომ აქ ომიანობის პირობებში ხალხი ელემენტარულად გადარჩენილიყო. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი მეგობრობა გრძელდება და ამას ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა

მსგავსი თემები