დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რისკ ჯგუფებსა და რისკ დაავადებებს ასახელებს და  მოსახლეობას აფრთხილებს.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს“ – განუცხადეს „მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში და ის მიზეზებიც განმარტეს, რამაც  შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

მათივე ინფორმაციით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია(გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.


რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, ესენია:

  • 75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები;
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები;
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები;
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე;
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები და ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).

 

მსგავსი თემები