დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, გადამოწმების პერიოდში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება არ უნდა შეუწყდეთ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოდის.

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, სოციალური დახმარება არ შეუწყდეს და ის თანხა ბაზიდან ამორიცხვის შემთხვევაში, ოჯახს დარჩეს.

„მინდა შევეხო ოჯახების გადამოწმების პერიოდში დახმარებების შეჩერების საკითხს. აქვე მექნება კომიტეტის შემოთავაზება, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ გადამოწმების პერიოდში, სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების მიღება არ შეუწყდეს. გადამოწმების შემდეგ, თუ ის ბაზდან ამოირიცხა, ჩარიცხული თანხა მიმღებს დარჩეს და ეს ტვირთი სახელმწიფომ აიღოს. რამეთუ, თუნდაც, დახმარების მოხსნის შემთხვევაში, ოჯახი, რომელიც ამ ბაზაში იყო და ბაზის მიღმა დარჩება, მაინც სიღარიბის ზღვართან ახლოს რჩება. აღნიშნული ინიციატივა მისაღებია, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც მინიმალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული, დახმარების შეწყვეტა საკმაოდ მტკივნეულია”, – განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე,  სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

დეპუტატმა მთავრობის წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, რომ საკითხის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,  520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარმოედგინა. დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდა თუ რა სახის რეფორმები იგეგმება ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით;  ასევე, სოციალური მუშაკების და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვის გამომწვევი კონკრეტული მიზეზებით და წინამძღვრიანთკარში პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიასთან სიახლოვეს დევნილთა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებული პროცესით.

მსგავსი თემები