“არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11:00 საათზე დავნიშნავდი” – მამუკა მდინარაძე

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, სხდომის 10:00 საათზე ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ ყველა განსახილველი თემის განხილვა მოესწროთ. 

“საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტები. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, სხდომაზე არჩევნებსაც შეეხო საუბარი, მათ შორის საარჩევნო სისტემას.

„ორგანიზაციულ საკითხებზეც იყო საუბარი, მათ შორის არჩევნებზე. მოკლე საუბარი იყო საარჩევნო სისტემაზე, სადაც კომპრომისული ვარიანტი წარვუდგინეთ ოპოზიციას. გადაიხედება თუ არ გადაიხედება, ამაზე არ გვისაუბრია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები