ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს საპატიმრო ვადა გაუგრძელეს  

პროკურატურის მოთხოვნით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლე დარბაზიდან ისე გავიდა, ბრალდებული პატიმრობაში რამდენი ხნით დატოვა, არაფერი უთქვამს.

„პროკურატურის მოთხოვნით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. მსგავსი ბუნდოვანება არასდროს არაფერი მინახავს. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და საპატიმრო ვადა გააგრძელა, თუმცა, არ უთქვამს, რამდენი ხნით. ისე წავიდა მოსამართლე, პერიოდზე ხმა არ ამოუღია. პროკურატურას 50 დღეზე ჰქონდა შემოტანილი. მოსამართლის ამგვარი ქმედება პროკურატურასაც კი გაუკვირდა. 20 დღით გააგრძელა თუ 50-ით არ ვიცით, მხოლოდ ეს თქვა, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდაო“ – განუცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს”.  

შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილი ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები