“პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია” – ილია მეორე აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

  •  

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მათივე განმარტებით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

“პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

მსგავსი თემები