“გენერალურ პროკურორად არჩევა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს” – ირაკლი შოთაძე

“გენერალურ პროკურორად არჩევა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი”, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველა პიროვნება, ვინც ამ საქმეზე ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაისაჯოს კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს.

„ამ ფორმატში საქმის დეტალებზე, სამართლებრივ საკითხებზე არ უნდა იყოს მსჯელობა, რადგან მიმდინარე მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე და ამან შეიძლება, დააზიანოს ეს მართლმსაჯულება. როდესაც საგამოძიებო კომისიას გავეცი პასუხი, მაშინაც მიმაჩნდა, რომ არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეები საჯაროდ, მსგავსი ფორმატით არ უნდა განხილულიყო, როდესაც მართლმსაჯულების პროცესი არ იყო დასრულებული. მე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე იმ დღეს, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მაშინაც ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ, იყო მთელი რიგი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩასატარებელი. მაშინ ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიება ელოდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, ეს არის იურიდიული ფაქტების დადგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა უნდა გამოყენებილიყო.

ჩემი მაშინდელი პოზიცია იყო, რომ გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო და ისედაც გრძელდებოდა, შსს-ში არსებობდა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იმ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალები უცნობია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი თემები