ქაღალდი, შუშა, პლასტიკატი – ეს იმ ტიპის ნარჩენებია, რომლის გადამუშავება საქართველოში ხდება

სეპარირებული ნაგვის ურნები მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტში არსებობს. თბილისი, ბათუმი, ხელვაჩაური და ქობულეთი – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ნაგვის სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა, თუმცა,  ყველგან – არა.  როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნარჩენების შეგროვების სისტემა ყველა მუნიციპალიტეტს უნდა დაენერგა, თუმცა, ამ ეტაპისთვის ასე არ ხდება.

„2019 წლის 1 თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტს უნდა დაენერგა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების  სისტემა. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, ამჯერად, 28 ადგილას განთავსდა ნარჩენების სეპარაციის სტენდი. ასევე, ბათუმში არის 11 ლოკაციაზე,  ხელვაჩაურში 4 ლოკაციაზე და ქობულეთში ასევე 4 ადგილას. ეს რეგიონები იმიტომ შევარჩიეთ, რომ ისინი პროგრამის სამიზნე რეგიონებია“ – განაცხადა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, არის ცალკეული მუნიციპალიტეტები, სადაც მსგავსი აქტივობები შეინიშნება. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განთავსებულ სტენდებში ყველა პროცედურა დაცულია.  

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ურნების განთავსება  საკმარისი არ არის. ამ ურნებთან უნდა მიებას ნარჩენების შემგროვებელი და ტრანსპორტირების საქმიანობაზე რეგისტრაციის მქონე კომპანია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ურნებიდან ნარჩენების ამოღება, წაღება სამოქმედო ტერიტორიაზე, სიღრმისეული სეპარაცია, წინასწარი დამუშავება და გადაცემა ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიისთვის. პროექტის ფარგლებში განთავსებული სტენდებში

განთავსებულია ორი 1100 ლიტრიანი და ორი 360 ლიტრი მოცულობის მქონე ურნები. სტენდები აღჭურვილია სათანადო დასახელებებით, რომელ ნაწილში რომელი ნარჩენი უნდა განთავსდეს – ქაღალდი, შუშა, ალუმინი და პლასტიკის ნარჩენები. შევსების შესაბამისად, კომპანიას ამოაქვს სავსე ტომრები, დებს მანქანაში, ხოლო ტომრებს აფენს შიგნით, კეტავს კარებს. შეგროვილი ნარჩენი მიაქვს საკუთარ ტერიტორიაზე, ამუშავებს – პრესავს, შუშის შემთხვევაში დამსხვრევა, ამის შემდეგ, პროდუქცია მიეწოდება ნედლეულად სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელ კომპანიას“ – განაცხადა კახა რუხაიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე ტიპის ნარჩენების გადამუშავება ხდება: „საქართველოში საკმაოდ მძლავრი და გამართულია ქაღალდის ნარჩენების გადამამუშავებელი ბიზნესი. ასევე გვაქვს შუშის ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანია, „პლასტმასის“ ბოთლების გადამუშავება ჯერ კიდევ მძლავრად. სამედიცინო ნარჩენების, საბურავების, მეორადი ზეთების გადამუშავება – ყველა ამ ტიპის გადამუშავება საქართველოში ხდება, თუმცა მათი წარმადობა ზოგჯერ მცირეა“.

მსგავსი თემები