„ქაღალდზე ყველაფერი კარგადაა, აღსრულების ნაწილში კი უხეში დარღვევა ხდება“ – მდგომარეობაა ნარჩენების მართვის კუთხით

„კორპუსის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები შესაძლებელია,  შეიცავს აზბესტის ნარჩენებს, ასევე, ტყვია შემცველ საღებავებს. ასეთი ტიპის ნარჩენების განთავსება ღია გარემოში დაუშვებელია“ – რა მდგომარეობაა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით და რამდენად ასრულებენ კომპანიები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც მიქაიამ აღნიშნა, კანონმდებლობით, ქაღალდზე ყველაფერი შედარებით კარგადაა, თუმცა, რეალურად, ნარჩენების მართვის კუთხით ბევრი საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.  

„ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2015 წელს შევიდა. ამ კანონის მიღებიდან სახელმწიფომ მალევე შეიმუშავა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რითაც განისაზღვრა ძირითადი სახელმწიფო მიზნები, სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებით და განსაზღვრა ღონისძიებები და სხვა დამხმარე საშუალებები. გარდა ამისა, კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა 20-მდე ნორმატიული აქტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ კოდექსის ამოქმედება და მისი ზეგავლენით გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენება. დღემდე არსებობს საკითხები, რომელიც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ნარჩენების მართვასთან მიმართებაში“ – განაცხადა კახა რუხაიამ.

კითხვაზე, რამდენად ასრულებენ მეწარმეები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ძირითადად რა მიმართულებით გვაქვს ჩავარდნა, კახა რუხაიამ აღნიშნა რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„მეწარმეებს აქვთ ვალდებულება, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა, წარუდგინოს ის სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტროს და შეათანხმოს მასთან. ეს არის 3 წლიანი სამოქმედო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ნარჩენების მიმართებით დაკავშირებული პროცესები. მეწარმემ ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ანუ თავიდან აირიდოს ნარჩენების წარმოქმნა. თუ წარმოიქმნა, მოაგროვოს და განათავსოს გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. ამის შემდეგ, წარმოქმნილი ნარჩენი უნდა გადასცეს სათანადო კომპანიას, გადამუშავების მიზნით. ქაღალდზე, მართვის დოკუმენტზე ყველაფერი არის კარგად, როცა აღსრულებასთან მიდგება საკითხი, ხდება პროცედურების და ნორმების უხეში დარღვევა“ – აღნიშნა რესპონდენტმა.

მისივე ინფორმაციით,  ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ მეწარმეები ნარჩენებს ხშირად არაუფლებამოსილ კომპანიებს გადასცემენ.

„კომპანიები ნარჩენებს ხშირად გადასცემენ არ გადასცემენ უფლებამოსილ კომპანიებს, გადამუშავებისა და მართვის მიზნით. გადამამუშავებელ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ სახელმწიფოსგან ნებართვა ან რეგისტრაცია, შეგროვება-ტრანსპორტირებაზე. ხშირად ხდება ამ კანონების დარღვევა და ეს ნარჩენები გადაეცემა ისეთ კომპანიებს, რომელთაც ლიცენზია არ გააჩნიათ, რაც ქმნის გარემოს დაბინძურების რისკს. ამ კომპანიამ, თავისუფლად შეიძლება ეს ნარჩენი განათავსოს ღია გარემოში და ხევში გადაყაროს. სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით (სამედიცინო ნარჩენები), უფრო მაღალი რისკია გარემოს დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. გარემოში მოხვედრილი ნებისმიერი ტიპის სახიფათო ნარჩენი იწვევს უფრო მეტ გავლენას, ვიდრე საყოფაცხოვრებო ან ინერტული ნარჩენი. ინერტულ ნარჩენებზეც არის მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგალითად, კორპუსის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი  ნარჩენები შეიცავს აზბესტის ნარჩენებს და ისეთ ნარჩენებს, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვია შემცველ საღებავებს. ასეთი ტიპის ნარჩენების განთავსება ღია გარემოში დაუშვებელია“ – განაცხადა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები