მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.

“ეარ კანადის” კუთვნილ ბოინგს, რომელიც ტორონტოში მიფრინავდა, ძრავი და საბურავი დაუზიანდა. ბორტზე 128 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. პრობლემის გამო, თვითმფრინავში არსებული საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და აფეთქების თავიდან ასაცილებლად ლაინერმა მადრიდის თავზე 4 საათის განმავლობაში იფრინა. საბოლოოდ პილოტმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თუმცა, დაშვებამდე იყო რამდენიმე მძიმე საათი. თვითმფრინავის ზიანის შეფასების მიზნით, სამხედრო ბაზიდან “ეფ-18”-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი გაუშვეს.

ამ ისტორიას კი ერთი გმირი ჰყავს – გმირი პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა. მფრინავმა მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა.

პილოტისგან განსხვავებით, მომხდარის დეტალებს ბორტზე მყოფი სხვა პირები იხსენებენ. გაირკვა, რომ თვითმფრინავის ძრავას პრობლემა აფრენიდან მალევე შეექმნა. ასევე დაზიანდა ერთი ბორბალიც. სწორედ ამის გამო პილოტებმა ავიალაინერის ავარიულად დაშვება ითხოვეს. მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.

მშვიდობიანი დაშვების შემდეგ, მგზავრები საკუთარი განცდებისა და ემოციების შესახებ საუბრობენ:

“პილოტი ინფორმაციას მუდმივად გვაწვდიდა, ეკიპაჟი კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ვიცით, რომ ესპანეთის სამხედრო ავიაცია ხაზზე იყო და ჩვენ დახმარებას ცდილობდა. საბოლოოდ მშვიდობიანად მოვახერხეთ ასაფრენ ბილიკზე დაჯდომა. ცხადია ძალიან ვინერვიულე”. 

“როდესაც ავფრინდით საშინელი ხმა გაისმა. ამის გამო ძალინ შევშინდი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თვითმფრინავი კვლავ დაბლა დაფრინავდა. დაახლოებით 30 წუთში პილოტმა შეგვატყობინა, რომ მადრიდში ვბრუნდებოდით. გვითხრეს ისიც, რომ საწვავი დაიღვრებოდა. გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს”.

“ყველაფერი ასე თუ ისე კონტროლს ექვემდებარება. რეალურად მგზავრებიც და ეკიპაჟის წევრების სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. ზოგი კი ღელავდა, მაგრამ ჯამში სიმშვიდე იყო”.

ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. Air Canada Boeing 767-ის ბორტზე 128 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიამ განმარტა, რომ Boeing 767 ავარიული სიტუაციებისთვის ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი და პილოტებსაც სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.

მსგავსი თემები