ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, უმრავლესობას სხდომის გადადებაზეც იმსჯელა

  •  

„ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო უმრავლესობა უარს ამბობს დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“ – ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის გამო, უმრავლესობამ პარლამენტის სხდომის გადადების საკითხზეც ი იმსჯელა. 

„მართლაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მით უმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა  სწორედ ამ  ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რასაც ექვსი ადამიანის, მათ შორის  ოთხი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
 
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო  უმრავლესობამ სხდომის გადადების საკითხზეც იმსჯელა: „მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ ამ თემაზე. რაც შეეხება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, შესაბამისი სამსახურები დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც, იმ ოჯახთან დაკავშირებითაც და იქ უკვე გარკვეული იქნება სიმართლე ძალიან მარტივად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი თემები