„არ გაჰყვეთ უპასუხისმგებლო „ნაც. მოძრაობას“ – სოფიო ხორგუანის მიმართვა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის ლიდერებს

სოფიო ხორგუანი ოპოზიციის იმ ლიდერებს მიმართავს, რომლებსაც პასუხისმგებლობა შერჩენილი აქვთ და ურჩევს, არ აჰყვნენ იმ სტრატეგიასა და დღის წესრიგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობთ.

როგორც პოლიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სტრატეგია მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი საზოგადოებას მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენას სთავაზობენ.

„აგრესიული, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების ჯგუფს მოედანზე დაკავებული აქვს ავანს-სცენა და მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენებს გვთავაზობს. მათი საუბრები კანონის უზენაესობაზე თუ დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე არის მხოლოდ ამ მდარე ხარისხის თეატრალური წარმოდგენის რეკვიზიტი და ბუტაფორია. მათი ქმედებები მიმართულია იქით, რომ დაიბრუნონ ის პრივილეგიები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მეტიც, შეინარჩუნონ ის პრივილეგიები, რომლითაც დღეს სარგებლობენ, როგორც ოპოზიციური ლიდერები“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

პოლიტიკოსმა სპეკულირების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი კანონის წინაშე თანასწორობასა და ანგარიშსწორებაზე დაიწყება საუბარი, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სტატუსის გამოყენება ხდება და სწორედ ამ გზით ცდილობენ, პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას.   

„როდესაც ისინი ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, გულისხმობენ იმას, რომ თვითონ ნაკლებად თანასწორნი არიან. როგორც კი კანონის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი დგება, როგორც კი ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურები იწყებენ გამოძიებას, ან გამოძიება შედის აქტიურ ფაზაში, პოლიტიკური, ოპოზიციური ლიდერები იწყებენ სპეკულირებას საკუთარი დღევანდელი სტატუსით. რადგან ისინი ატარებენ, ოპოზიციური-პოლიტიკური ლიდერების სტატუსს, მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან თანასწორნი კანონის წინაშე, მათ არ აქვთ ვალდებულება, იყვნენ ანგარიშვალდებულნი კანონის წინაშე. დღეს, მათი უმრავლესობის აქტიური ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ თავი აარიდონ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას, ყველა გზით მოახერხონ დაიბრუნონ ხელისუფლება, ძალაუფლება, რომ დაიბრუნონ პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობდნენ. არადა, კანონის უზენაესობა ნიშნავს ყველას თანასწორობას კანონის წინაშე. ნიშნავს იმას, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფალი, შენ ანგარიშვალდებული ხარ კანონის წინაშე და პასუხი უნდა აგო კანონის წინაშე ყველა შენს მიერ ჩადენილი ქმედების გამო. ესაა მოცემულობა“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, არასტაბილური გარემოს შექმნის მცდელობა ქვეყნის განვითარებას სერიოზულად აფერხებს და ამით ყველა თანაბრად ზარალდება.

„როგორც კი ხელისუფლება იწყებს მოქმედებას სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, სიანვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, იმავე წუთს, ოპოზიცია იწყებს აქტიურ მოქმედებას ამ ყველაფრის წინააღმდეგ და დესტაბილიზაციის განცდის განმტკიცების მიმართულებით. ამგვარი  ქმედებები მხოლოდ დესტაბილიზაციის შექმნისკენაა მიმართული. პოლიტიკური არასტაბილურობა ყველგან და ყოველთვის ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩემი მოწოდება იქნება, ყველა იმ პოლიტიკური-ოპოზიციური ლიდერის მიმართ, ამ სტრატეგიის განხორციელებაში არ გაყვნენ უპასუხისმგებლო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ვნახეთ, რამდენად უპასუხიმსგებლო იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს და იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნისას“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები