ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება პროტესტის ფონზე ჩაივლის

საპროკურორო საბჭოში დღეს გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატს, ყოფილ მთავარ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს გაესაუბრებიან. გასაუბრების პროცესი კი პროტესტის ფონზე ჩაივლის. გენერალურ პროკურატურასთან აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დამოუკიდებელ იურისტებთან ერთად გეგმავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

„ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიკერძოებულ და არაეფექტიან გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.

2017 წლის საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, პროკურატურა კვლავ რჩება პოლიტიზებულ უწყებად. ხოლო ირაკლი შოთაძე კვლავ ხელისუფლებასთან აფილირებულ კადრად განიხილება, რის გამოც შეუფერებელია გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის.

ირაკლი შოთაძის სახელი უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეში გამოძიების არაეფექტურობას, მიკერძოებულობას და იმ უამრავ გაუხსნელ საქმეს, რომელთა დაზარალებულებიც დღემდე სამართალს ეძებენ… მივმართავთ, საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა” – აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

მსგავსი თემები