უკანონო დაკავებისას, საქართველოს მოქალაქეებს სცემენ, არც საკვებს აწვდიან და არც წამალს

„შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუეთის განაპირას დააკავეს. სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და აქ ხშირია ადგილობრივების უკანონო დაკავების ფაქტები. ადგილობრივ მოსახლეობას, ხშირად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას, საქონლის მწყემსვისას და ტყეში აკავებენ, აქედან გამომდინარე, ადგილობრივები შეშისთვის ტყეში შესვლას ვერ ბედავენ“ – ეს ერთ-ერთი, შედარებით  ყველაზე უწყინარი ისტორიაა, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ხდება.   

კონკრეტული ისტორიები, რომელიც „ადამიანის უფლებათა“ ცენტრმა აღწერა და ანგარიშში შეიტანა, საკმაოდ მტკივნეულია. ოკუპანტები, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ადამიანთა გატაცებისას  არაფერს ერიდებიან – არც ასაკს, არც სქესს, არც ავადმყოფობას და არც ბავშვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით 20 პირი, მათ შორის, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი უკანონოდ დააკავეს.

როგორც კონკრეტული ისტორიებიდან ირკვევა, უკანონო დაკავების დროს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევებში, რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირად აქვს ადგილი ცემას, რის შედეგადაც ისინი სხვადასხვა ფიზიკურ დაზიანებას იღებენ.

„კვლევის შედეგად, ასევე, გამოვლინდა, რომ დაკავების იზოლატორებში არის არასათანადო პირობები – უჰაერობა, სიბინძურე, ჰიგიენის საშუალებების ნაკლებობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვების არმიწოდება, უხარისხო საკვები და სხვ. ციხეში პირობები ძალიან ცუდია, მით უმეტეს, დაბლა კარცერში. არის უჰაერობა, ნესტი. მხოლოდ დღეში ერთხელ გაჭმევენ. სამი დღე არაფერი უჭმევიათ“, – ვკითხულობთ კვლევაში.

შოთა ბიძინაშვილი ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლებს შეეწინააღმდეგა და საქართველოს ტერიტორიაზე მათ უკანონო ყოფნაზე მიუთითა, რის შემდეგაც თავში კონდახი დაარტყეს. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არ მიუყვანიათ ექიმი და არ მიუციათ წამალი. შოთა ბიძინაშვილის გადმოცემით, 9 ნოემბერს მასთან საკანში უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების დარღვევად ითვლება და რუსეთის ფედერაცია ვალდებულია დამნაშავე პირები მისცეს პასუხისგებაში,  ში. აღნიშნულ ვალდებულებას ის დღემდე არ ასრულებს.

მსგავსი თემები