2019 წელს ოკუპანტებმა 71 მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის, 9 ქალი და 1 ბავშვი 

„იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 71 შემთხვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათ შორის – 9 ქალისა და 1 არასრულწლოვანი პირის“ – ვკითხულობთ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.  

“ადამიანის უფლებათა მდგომარეობა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე” – ასეთია დოკუმენტის დასახელება, რომელიც  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოამზადა და რომელიც ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და იქ არსებულ ვითარებას ეხება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ,  საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანებს, საკუთარ მინდორში, მიწის დამუშავებისას იტაცებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ.

„2019 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრე ძალების წარმომადგენელი პირების მიერ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტები. 2018 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა დააფიქსირა არაერთი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი პირები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით უკანონოდ აკავებდნენ მოქალაქეებს ისეთ ადგილებში, სადაც არ არის აღნიშნული, თუ სად გადის ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. 2018 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა
დააფიქსირა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა გარკვეული ტერიტორიით სარგებლობდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგალითად – სასოფლო-სამეურნეო მიწით და ტყით, სადაც არ იყო ე.წ. გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი. თუმცა, ყოვლად მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა უკანონო დაკავებები. ასევე, 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რუსი მესაზღვრეები კვეთდნენ მათ მიერ მონიშნულ გამყოფ ხაზს, მათ შორის – მავთულხლართებს, შემოდიოდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამ გზით აკავებდნენ ადამიანებს“ – ვკითხულობთ ანგარიშში. 

რაც შეეხება გატაცების სტატისტიკას, 2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან ადამიანის უფლებათა ცენტრის წერილის პასუხად მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 71 შემთხვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათ შორის – 9 ქალისა და 1 არასრულწლოვანი პირის. 

მსგავსი თემები