„ტრიბუნა“ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ინფორმაციას ავრცელებს

“ოცნების“  ხელისუფლებამ, ლობისტურ მომსახურებაში, ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონი ლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც, მაქსიმალური საბაზრო ღირებულება 800 000 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.  თუმცა შედეგად მაინც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ! აშშ კონგრესმენების და სენატორების მიერ საქართველოს ხელისუფლების და ივანიშვილის ქმედებების უმწვავესი კრიტიკა“ – აღნიშნულ ინფორმაციას „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ ავრცელებს.

როგორც „ტრიბუნაში“ აცხადებენ, ჩვენი მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმშია, რაც არაერთხელ გამოჩნდა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა  კატასტროფის წინაშეა და უკვე დაუფარავად საუბრობენ იმ სანქციებზეც, რომელიც, პირველ რიგში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს შეეხება. კორუფცია, დემოკრატიული ფასეულობების, ხელყოფა, განუკითხაობა, ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირება – ამ ყველაფერს, ვიწრო პარტიულ ინტერესებს და საკუთარი ჯიბის გასქელებას გადააყოლა დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ქვეყანა“ – აცხადებს  გიორგი ტაბიძე.

„ტრიბუნას“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველი კონტრაქტი კომპანია  „Strate Various Inc“-თან გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა.  კომპანიას ასევე უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის.

„ხელშეკრულება 25 იანვარს გაფორმდა და ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში, ყოველთვიური გადასახდელი თანხა კი 12 ათას დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდება. წელსვე გაფორმდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლობისტური კონტრაქტი ახალ მომწოდებელთან. 2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახით, კომპანია Hill+Knowlton Strategies-თან გააფორმა ხელშეკრულება. დადებული კონტრაქტის ღირებულებამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

აქედან 750 ათასი დოლარი პროექტის ღირებულებაზე მოდიოდა, ხოლო 1,1 მილიონი ფასიანი მედია პროდუქციის წარმოებასა და განთავსებაზე უნდა დახარჯულიყო. ამ თანამშრომლობით აშშ-ში უნდა ამაღლებულიყო ცნობიერება საქართველოს შესახებ. ეს უნდა დახმარებოდა აშშ-ისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევაში.

Strate Various-თან ერთად საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება განაახლა, კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group LLC-ისთან. მომსახურების ყოველთვიური საფასური 65 ათასი დოლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულება 12 თვეზე გაფორმდა. შესაბამისად კომპანიის მომსახურება საქართველოს მთავრობას წელს 780 ათასი დოლარი დაუჯდა.

მოკლედ, მარტო 2019 წელს და მარტო ოფიციალური მონაცემებით, „ოცნების“ ხელისუფლებამ ლობისტურ მომსახურებაში, ქვეყნის ბიუჯეტიდან 2,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა“ – აცხადებენ „ტრიბუნაში“.

მსგავსი თემები