თბილისის მერი მოსახლეობას მარათონში მონაწილეობისკენ მოუწოდებს 

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს სპორტულ მარათონში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მარათონი „თბილისი“ 24 ივნისს, პირველად გაიმართება და სტარტს ვაკის პარკში აიღებს. მონაწილეები რეგისტრაციას 09:00 საათიდან 09:30 საათამდე ადგილზევე გაივლიან.

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი – „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს სექტორს, პოლიტიკოსებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ერთად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება იგეგმება. კერძოდ, 22 ივნისს იწყება ფესტივალი TBILISI OPEN AIR, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით ლისის ტბაზე ჩატარდება. ასევე, 22 ივნისს, 19:00 საათზე, მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარედ გაიმართება მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებისა და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული, ბიჭუნათა კაპელას კონცერტი;

22 ივნისიდან, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლების ღია ექსპოზიცია მოწყობა და ღონისძიება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კახა კალაძის ინფორმაციით, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ტბის ნაცვლად კუს ტბაზე გაიმართება, რადგან სპორტული სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს. 23 ივნისს, 19:00 საათზე, პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება.

24 ივნისს, ვერის ბაღში, 20:00 საათზე გაიმართება ღია კინოთეატრი „თბილისის ცის ქვეშ“ – მხატვრული ფილმი „ნიუ სინემა პარადისოს“ ჩვენება მოეწყობა.

მომდევნო კვირიდან ღია კინოთეატრი თბილისის ათივე რაიონში გამართავს კინო ჩვენებებსა და სხვადასხვა რეჟისორებთან შეხვედრებს. ამასთან, 24 ივნისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში TBILISI FLEA MARKET გაიმართება. ამავე საღამოს ვაკის პარკში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება.

“დედაქალაქის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში არის კონკრეტული ადგილები, სადაც უქმეებზე რაღაც საინტერესო ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისიამოვნოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები ყოველკვირეულად, პარასკევს, შაბათს და კვირას დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

 

მსგავსი თემები