“ვრჩებით ე.წ. მწვანე ზონაში, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად” – ამირან გამყრელიძე

„ჩვენ ვრჩებით ე.წ. მწვანე ზონაში, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო რჩება ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაში.  გამყრელიძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

“მოგეხსენებათ, გახლავთ გრიპის სეზონი, ამიტომ ამ ტიპის სიმპტომები, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, აქვს ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას, ამიტომ ვიყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. თუ ადამიანს აქვს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მას შემდგომ განუვითარდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და რაც მთავარია, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად მივმართოთ ექიმს ან მივიდეთ თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, ქუთაისის ინფექციურში, ბათუმის ან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდებათ კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამიტომ, ვიყოთ მშვიდად. ჩვენთან მიიღება ყველა ზომა, რათა წინ აღვუდგეთ ინფექციის შემოტანას ქვეყანაში და თუ ასეთი დაფიქსირდა, იყოს სწრაფი გადაუდებელი დახმარება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 14 350-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

“ჩინეთის გარეთ არის დაახლოებით 137 შემთხვევა. სამწუხაროდ, დღეს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ფილიპინებზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში დაახლოებით 2500-ით გაიზარდა, 304 არის გარდაცვალების შემთხვევა. დაახლოებით 20000 ადამიანია დაკვირვების ქვეშ ჩინეთში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები