ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – სამი მათგანი უკვე თურქეთშია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში იმყოფებიან. 3 პირი, რომლებიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრიდან სპეციალური რეისით თურქეთში გადმოაფრინეს, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

თურქულმა მხარემ უხანიდან 42 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით, ყველა მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ისინი ანკარაში სამხედრო თვითმფრინავით და სპეციალური დამცავი ეკიპირებით გადმოაფრინეს.

ამ დროისთვის უხანის პროვინციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათგან ორის ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, ისინი საფრანგეთში გადაჰყავთ. ორი კი საკუთარი სურვილით ჩინეთში რჩება. ევაკუირებულ მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. მათ გარკვეული შემოწმებები და პირველადი ანალიზები უკვე ჩაუტარდათ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავმა 42 ადამიანი ჩამოიყვანა და ისინი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

“ჩამოფრინდა სამხედრო თვითმფრინავი და ჩამოიყვანა 42 პიროვნება, აქედან სამი ჩვენი მოქალაქეა. წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც მთლიანად ერთი კორპუსი დაეთმო მათ. ჩაუტარდათ უკვე ანალიზები და საბოლოო პასუხებიც მალე გახდება ცნობილი,”- განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მისი თქმით, ეს ადამიანები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ შეექმნებათ ჰუმანიტარული პრობლემები.

“ამჟამად დარჩენილია ქალაქ უხანში საქართველოს 4 მოქალაქე, აქედან ორმა გადაწყვიტა დარჩენა, ორი კი ევაკუირებული იქნება საფრანგეთში,”- განაცხადა არჩილ კალანდიამ.

ამ ეტაპზე ჩინეთში საქართველოს 188 მოქალაქეა აღრიცხული.

მსგავსი თემები