„მინისტერიალი უნდა ჩატარდეს, გააჩნია რა გვინდა, ქვეყნის ძლიერება თუ ჩრდილებთან ბრძოლა“ – კობა კობალაძე

პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი უნდა ჩატარდეს, რადგან, ეს სწორედ ჩვენი, თავმჯდომარე ქვეყნის ვალდებულებაა. როგორც კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, ამ თემაზე სპეკულირება მიუღებელია.

„კომიკურ სიტუაციას იღებს ეს ყველაფერი. როდესაც ჩვენ ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენს ვალდებულებაში შედის, რომ საქართველოში ჩატარდეს ევროსაბჭოს მინისტერიალი. მოგვწონს თუ არა ესა თუ ის შემადგენლობა, ცალკეული კონსულტაციები იქნება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გადაწყდება, თუ როგორ, რა ვითარებაში, რა შეზღუდვებით, რა შესაძლებლობებით რა ფორმატში უნდა ჩატარდეს მინისტერიალი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ თემაზე სპეკულირება და გულზე მჯიღის ცემა იმ შემადგენლისგან, რომლებიც თითქმის მზარეულებად და „ექსკურსანტებად“ ედგნენ იმ აგრესორებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიებზე შემოიჭრენ და ანექსია მოახდინეს“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, როცა კონკრეტული მიზანი და ამოცანა არსებობს, ცეცხლიც წყდება და შედეგი გაცილებით დიდია, ვიდრე თოფის სროლით.

„ისტერიკა, წიოკი, შეურაცხყოფა, ტანზე ყველაფრის შემოხევა უნდა შეწყდეს. სად მივდივართ? ამ ისტერიამ მოგვიტანა ის, რაც მოგვიტანა რა ვქნათ, ისევ ასე გავაგრძელოთ? მინისტერიალის თემაზე საკმაოდ პრინციპული პოზიცია მაქვს. წინა ცხოვრებაში ვიყავი სამხედრო. როდესაც არის კონკრეტული მიზანი, კონკრეტული ამოცანა, ის ხალხიც კი, რომელიც ერთმანეთს ტყვიას ესროდა, მეგობრებს უკლავდნენ, რაღაც ეტაპზე, როცა ჩნდებოდა მიზანი და მისია,  ცეცხლი წყდებოდა, ერთმანეთის პირისპირ ვიკრიბებოდით. ასე გაცილებით დიდი მიზნისთვის მიგვიღწევია, ვიდრე თოფის სროლით. გააჩნია, რა გვინდა -ამ ქვეყნის ძლიერებაზე საუბარი თუ მუდმივად ისტერიული ტონით ჩრდილებთან ბრძოლა. მინისტერიალი უნდა ჩატარდეს საქართველში ეს არის ვალდებულება, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი საქართველოში მაისში ტარდება და მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსვლა რუსეთიდან მაღალი დონის დელეგაციასაც უწევს. სავარაუდოდ, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები