ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს პანიკას ნუ აჰყვებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს პანიკას ნუ აჰყვებიან, რადგან საპანიკო მიზეზი არ არსებობს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ „ბოქსში“ მოათავსეს, „ახალი კორონავირუსი“ არ უდასტურდებათ.

„არასრულწლოვნებს ჰქონდათ ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება. ამის გამო, მიზანმიმართულად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი, თავის ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა “ა” ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ “კორონავირუსზე” იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საუბარია ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ. ბავშვები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, დაახლოებთ 7 წლის ტყუპები არიან.

ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლეობას ამშვიდენს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ყველაფრისთვის მზადააა.

„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფფინგზე.   

მსგავსი თემები