„მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა“ – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები სახეზეა, რომელიც ადასტურებს, რომ მეღვინეობის ინდუსტრიის მნიშვნელოვნად გაძლიერდა.  

„გასული წელი იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელება იყო,  რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ბოლო წლებში გვაქვს. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. გაზრდილია ღვინის ექსპორტი და საექსპორტო ბაზრების არეალი, საწარმოების რაოდენობა და ყურძნის მოსავალი. გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“, – აღნიშნა მინისტრმა სამინისტროს 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.  

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავარი ამოცანა იყო უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის მაღალ საფასო სეგმენტში პოზიციონირება. „ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობა ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რისთვისაც სახელმწიფომ კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა. ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში“ – აღნიშნა მან.

მინისტრის შეფასებით, 2019 წელი აღსანიშნავი იყო წარმატებით ჩატარებული რთველი, როდესაც გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი – 271 ათასი ტონა ყურძენი. ამასთან ერთად, გაგრძელდა ვენახების კადასტრის პროგრამის სამუშაოები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 3200 მევენახეს  პირველად მიეცა შესაძლებლობა საწარმოებში ყურძენი კადასტრის ამონაწერის საფუძველზე  ჩაებარებინა. გასულ წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან, 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე.

მსგავსი თემები