“კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არასდროს ვეთანხმებოდი” – ზვიად ძიძიგური NDI-სა და IRI-ს კვლევებზე

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NDI და IRI დღესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურ თანამშრომლობაში არიან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად პოზიტიურ როლს თამაშობენ ისინი”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძიძიგურის თქმით, საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ძალიან სერიოზულად იმუშავა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა  პარტიული დემოკრატიისა და პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.

“NDI და IRI უკვე ათეული წლებია, მუშაობენ საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები დღესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურ თანამშრომლობაში არიან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად პოზიტიურ როლს თამაშობენ ისინი. ახლაც „კოსნერვატიულ პარტიას“ აქვს თანამშრომლობის ფორმატი „აირაისთან“ და ისინი გვეხმარებიან ძალიან ბევრი ისეთ პარტიული საკითხების გადაჭრაში, რომელიც აშშ-ში უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, არც ამერიკული და არც სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების პოლიტიკურ ნაწილს ის არასდროს ეთანხმებოდა. 

“რაც შეეხება კვლევის თემებს, ამასთან დაკავშირებით მე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია და იგივეს ვიტყვი. კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არასდროს ვეთანხმებოდი. არც ამერიკული და არც სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ორგანიზაციების, რადგან ჩვენი პოლიტიკური  საზოგადოება ასე ადვილად არავის ეუბნება, თუ რას ფიქრობს, რა არჩევანს გააკეთებს, რომელ პოლიტიკოსზე აქვს დადებული ფსონი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ტენდენციების ნაწილში, სერიოზული დასკვნების გაკეთება შეიძლება კვლევებთან მიმართებაში. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ვემიჯნები იმ ანტიამერიკულ დამოკიდებულებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვემიჯნები სწორედ იმიტომ, რომ საკმარისია ამერიკამ თავისი მხარდაჭერა შეასუსტოს საქართველოს მიმართ, თუნდაც არაღიარების პოლიტიკა ავიღოთ, ძნელი წარმოსადგენი არ არის საქართველო რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. ამიტომაც, არამარტო მორალურად, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვქონდეს ადეკვატური და შესაბამისი ურთიერთობა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები