“შემაშფოთებელია, რომ კონგრესმენები საჯარო განცხადებით აკრიტიკებენ მთავრობას, პარტნიორების მხრიდან კრიტიკა “ტრენდად” იქცა” – ზვიად ძიძგური

“არც ევროპარლამენტარების და არც კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს იყო მოსალოდნელი კიდეც”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ხელისუფლებამ იმ რიტორიკის ნაცვლად, რომლითაც ის კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების განცხადებებს პასუხობს, შეხვედრები უნდა გამართოს აშშ-სა თუ ევროპის  უწყებებთან, რათა მათ განუმარტონ ის გადაწყვეტილებები, რასაც ისინი იღებენ.

“საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნება“ ძალიან ამაყობდა და სამართლიანადაც, რომ მან ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენადაც საამაყო, სასიქადულო და სასიკეთო გადაწყვეტილება იყო, იმდენად მიუღებელი და ძნელად აღსაქმელია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისთვის, რომ მმართველმა პარტიამ ასეთი ტიპის დაპირება უკან წაიღო. მათი რეაქცია, ვფიქრობ, სრულიად ლოგიკურია. ერთს კი ნამდვილად მივესალმები, რომ ხელისუფლებამ რიტორიკის ნაცვლად, რომლითაც ის პასუხობს კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების განცხადებას, შეხვედრები მოაწყოს აშშ-სა თუ ევროპის სტრუქტურებთან, სადაც უფრო ლოგიკურ განმარტებებს გააკეთებს იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რასაც ის ღებულობს” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ის ეთანხმება პრემიერ მინისტრის შეფასებებს, რომ მეგობრები ერთმანეთს წერილებით არ ელაპარაკებიან.

“ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ მეგობარები ერთმანეთს წერილებით არ ელაპარაკებიან. ვფიქრობ, ხელისუფლება ამას მიიღებს როგორც სიგნალს და ურთიერთობების უშუალო და კონკრეტულ ფორმებზე გადავა. ეს არამარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც იქნება ძალიან კარგი. ეს ნაკლებად დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ ქვეყანას ძალიან ფრთხილი და სათუთი დაცვა სჭირდება იმდენად ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევების დროს, თუკი შესუსტდება ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო”, – განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, შესაძლებელია, კონგრესმენები რაღაც ნაწილში ინფორმირებულები არ არიან, თუმცა მისი თქმით, ეს მთავარი არ არის. ყოფილი ვიცე-სპიკერის განმარტებით, მთავარია, რომ კონგრესმენებმა საჯაროდ გააკრიტიკეს მთავრობა.

“მთავარია, რომ კონგრესმენი საჯარო განცხადებით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და აკრიტიკოს მთავრობა. ესაა აქ შემაშფოთებელი, თორემ რაღაც უზუსტობები არის, ამას მეც ვეთანხმები. „ტრენდია“, როდესაც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ამის წინააღმდეგ კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი. რომ მათთან ერთად იყოს უფრო ინტენსიური და უფრო დიპლომატიური კომუნიკაცია და არა ის ტექსტები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონგრესმენების განცხადებების შემდეგ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები