“რაც უფრო დიდია ქვეყანა, უფრო ნაკლებად არის სანქციების ან მკაცრი მონიტორინგის ობიექტი” – სალომე ზურაბიშვილი

„გამარჯობა, ქალბატონო პრეზიდენტო. თქვენი ქვეყნის, საქართველოსა და ჩემი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შედეგები საშინელია. თუმცა რუსეთი განაგრძობს ევროსაბჭოს სტატუტის დარღვევას და უგულებელყოფს ამ ასამბლეის რეზოლუციებს. რა შეიძლება გაკეთდეს ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების მიერ და კერძოდ, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობისას, რომ რუსეთს ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ. უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, მათ შორის, თქვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის? დიდი მადლობა!“ – ასე მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის წარმომადგენლმა, ოლექსი გონჩარენკომ საქართველოს პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილმა კი გონჩარენკოს ასე უპასუხა:

„მართლაც, რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს. ეს არის ხანგრძლივი ამბავი, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე აღნიშნული პრობლემის წინაშე უკრაინაც აღმოჩნდებოდა. ეს პრობლემა უკავშირდება ორმაგ სტანდარტებს. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს პატივი არ სცენ უფრო მარტივად, ვიდრე სხვებმა. მონიტორინგი ამ ქვეყნების მიმართ არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც სხვების მიმართ. რაც უფრო დიდია ქვეყანა, უფრო ნაკლებად არის სანქციების ან მკაცრი მონიტორინგის ობიექტი. ასე რომ, მოვუწოდებ ამ ორგანიზაციას, უზრუნველყოს თანაბარი სტანდარტი ყველა ქვეყნის მიმართ, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ მიღებულ შეთანხმებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები