„მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას” – ლონდა თოლორაია

“დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში განმეორებით დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის მშობელი. მისივე ინფორმაციით, ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. 

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატი აცხადებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მსგავსი თემები